საზოგადოებისთვის ცნობილია, ონლაინ მედია „მაუწყებელმა“ 2024 წლის 11 ივლისს გაავრცელა ვიდეო მასალა (დაფარული) [აქვე], რომელზეც ასახულია, რომ ევოლუშენ ჯორჯიაში იქ, სადაც ტანსაცმელს იცვლიან დასაქმებულები, მათ შორის, ქალები, მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეო მონიტორინგი. ევოლუშენ ჯორჯია დასაქმებულებს ავალდებულებს სამუშაო ფორმის ტარებას, რაც გულისხმობს პირადი სამოსის მთლიანად გამოცვლას და დამსაქმებლის მიერ დადგენილი ფორმის ჩაცმას. გამოცვლის დროს დასაქმებულები ნახევრად შიშველ მდგომარეობაში არიან. დაცვის სამსახური მთლიანად დაკომპლექტებულია მამრობითი სქესის პირებით, შესაბამისად, ვიდეო კამერების ჩანაწერებზე როგორც გადაღების დროს, ისე შემდგომ წვდომა აქვთ მამრობითი სქესის პირებს, რაც განსაკუთრებით სენსიტიურია ქალი დასაქმებულებისთვის. ვიდეო მონიტორინგი ასეთი ფორმით მიმდინარეობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საქმის წარმოების დროსაც.
სამსახურმა დაადგინა, რომ კამერების ხედვის არეალში ექცეოდა ევოლუშენ ჯორჯიას A და E შენობების გამოსაცვლელი კაბინების შესასვლელები, აგრეთვე, A შენობის მინუს 1 სართულზე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი პირადი ნივთების შემნახველი კარადების ოთახში არსებული ის სივრცე, რომელიც გამოიყენება მოსასვენებლად ე.ი. პირადი მიზნებისთვის.
სამსახურის განმარტებით, ადგილები, რომლებიც ადამიანის მიერ გამოიყენება აშკარად პირადი ცხოვრების მიზნებისთვის, ექცევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის რეგულაციის ქვეშ, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ვიდეომონიტორინგის განხორციელება გამოსაცვლელ ოთახებში, ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ან ისეთ სივრცეში, სადაც სუბიექტს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს ან/და ვიდეომონიტორინგის განხორციელება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.
2024 წლის 15 ოქტომბერს (გადაწყვეტილება ლაბორს ჩაბარდა 06 ნოემბერს) სამსახურმა შპს ევოლუშენ ჯორჯია სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. აგრეთვე, დაავალა:
• შეწყვიტოს A და E შენობებში პირადი ნივთების შემნახველი კარადების ოთახების სივრცეებში მდებარე გამოსაცვლელი კაბინების შესასვლელი სივრცის ვიდეომონიტორინგი;
• შეწყვიტოს A შენობაში მინუს ერთ სართულზე მდებარე მდედრობითი სქესისთვის განკუთვნილი პირადი ნივთების შემნახველი კარადების ოთახში მდებარე მოსასვენებელი სივრცის ვიდეომონიტორინგი;
• წაშალოს A და E შენობებში პირადი ნივთების შემნახველი კარადების ოთახების სივრცეებში განთავსებული კამერების ის ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ასახულია გამოსაცვლელი კაბინების შესასვლელი და მოსასვენებელი სივრცეები.
ეს გადაწყვეტილება ევოლუშენ ჯორჯიას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად ადასტურებს, რომ ევოლუშენ ჯორჯიაში სამუშაო ადგილზე დასაქმებულების მიერ ტანსაცმლის გამოცვლის დროს არ არის უზრუნველყოფილი და გარანტირებული, რომ დასაქმებული გახდის დროს არ იქნება დაცვის სამსახურის თანამშრომლების ე.ი. არასასურველი თვალის დაკვირვების ქვეშ. კომპანიამ ეს ფაქტიც კი, რაც მხოლოდდამხოლოდ მის აშკარა პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა, გამოიყენა პროფკავშირისა და გაფიცვის ერთ-ერთი აქტიური მონაწილის დისკრედიტაციის მიზნით, ამ გზით კი გაფიცული და არაგაფიცული პირების ერთმანეთისადმი ნეგატიურად განსაწყობად.
აბორი და გაფიცულები იმედს იტოვებენ, რომ გადაწყვეტილებების ფონზე მაინც არაგაფიცულთა ნაწილი (რომლებიც კომპანიის პოზიციას იცავდნენ, აკრიტიკებდნენ პროფკავშირსა და გაფიცულებს) გააცნობიერებენ, რომ კომპანიის მანიპულაციის მსხვერპლები აღმოჩნდნენ.