როგორც იცით, 11 ივლისს „მაუწყებელმა“ ვიდეო მასალა (დაფარული) [აქვე] გამოაქვეყნა, რომელზეც შპს ევოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებულების, მათ შორის, ქალების მიერ ტანსაცმლის გამოცვლაა ასახული ისეთ ადგილას, სადაც ვიდეო მონიტორინგი მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელში არსებობს დახურული ჯგუფი Evo Facebook, მისი წევრები არიან მხოლოდ ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულები, მაგალითად, ევოლუშენ ჯორჯიას უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც 13 ივლისამდე ამ ჯგუფის წევრი იყო.
13 ივლისს დაახლოებით 00:30 სთ-ზე „ანონიმურმა ანგარიშმა“ გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის სტატუსი: „ევო-კავშირი! ხომ ამტკიცებთ, რომ არაფერ შუაში ხართ, მაგრამ უკვე გადავეცი დრო და დღე, ლოქერების ვიდეოს რომ იღებდნენ და ნახავენ, იმიტომ, რომ იქ ვიყავი და ვიცი, ვინც გადაიღო! სალომე მანჯაფარაშვილი.“ სტატუსზე ფეისბუქ მომხმარებელმა გამოაქვეყნა კომენტარი: „იქ თუ იყავი, ხმა რატომ არ ამოიღე?“ მას უპასუხა ევოლუშენ ჯორჯიას უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა: „არც მიფიქრია, რომ ჩვენ გვიღებდა, მერე კიდე ბევრი ვიფიქრეთ, სანამ ვიპოვეთ, ვინ იყო.“
ამ სტატუსმა, ევოლუშენ ჯორჯიას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პასუხმა/კომენტარმა და ფაქტმა, რომ ევოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებულებმა ისევე, როგორც Evo Facebook ჯგუფის წევრებმა იციან რა სამუშაო პოზიცია უკავია კომენტარის ავტორს, იდენტიფიცირებადი გახადა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, თითქოს ევოლუშენ ჯორჯიას დაცვის სამსახურის უფროსმა ან ევოლუშენ ჯორჯიამ სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ 11 ივლისს „მაუწყებლის“მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მასალა სალომეს გადაღებულია. ამ სტატუსის გამოქვეყნების მომენტიდან დღემდე როგორც საჯარო სტატუსებზე გამოქვეყნებულ კომენტარებსა და პირად შეტყობინებებში, ისე ფიზიკური კომუნიკაციისას ევოლუშენ ჯორჯიას დასაქმებულები აგრძელებენ სალომეს შერცხვენას, თითქოს მან „შიშველ თანამშრომლებს ვიდეო გადაუღო“. ამას ადასტურებს ისიც, რომ კომპანიას სალომესთვის დისციპლინური სახდელი არ დაუკისრებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც Evo Facebook-ის წევრებმა „ანონიმური ანგარიშის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე დაცვის სამსახურის უფროსის კომენტარი „დასქრინეს“, გაავრცელეს სოციალურ ქსელში და ამხილეს, „ანონიმურმა ანგარიშმა“ სტატუსი რამდენიმე წუთში წაშალა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა Evo Facebook ჯგუფის წევრობაც დატოვა. ეს მიანიშნებს, იმაზე, რომ მან სცადა მტკიცებულებების განადგურება. მიუხედავად ამისა, ევოლუშენ ჯორჯიას უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან უარყო კომენტარის დატოვების დროს და შემდეგ ფეისბუქით სარგებლობის ფაქტი ე.ი., მისი განმარტებით, გამოდის, რომ თითქოსდა მისი ანგარიშით სალომეს შესახებ კომენტარი სხვამ დატოვა და სხვამ წაშალა, რაც, ცხადია, არადამაჯერებლად ჟღერს და თავის მართლების უსუსურ მცდელობას წარმოადგენს.
საბოლოოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შპს ევოლუშენ ჯორჯიას უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სამართალდამრღვევად ცნო.
გარდა ამისა, სალომე მანჯაფარაშვილმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დისციპლინირების მოთხოვნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მიმართვის პარალელურად დამსაქმებელსაც მიმართა, თუმცა კომპანიას არანაირი დისციპლინური ღონისძიება არ გაუტარებია.
გადაწყვეტილება, ლაბორის პოზიციით, ნათლად აჩვენებს, რა იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიზანი _ მოეხდინა გაფიცვისა და ევო-კავშირის ერთ-ერთი აქტიური მონაწილის _ სალომე მანჯაფარაშვილის დისკრედიტაცია. ის ფაქტი კი, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ქმედებაში კომპანიამ ვერც კანონდარღვევა და ვერც შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების დარღვევა ვერ დაინახა, ჩვენი აზრით, მეტყველებს იმაზე, როგორ აფარებს ხელს კომპანია მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომელს, უფრო მეტიც, ჩვენი მოსაზრებით, ის კომპანიასთან შეთანხმებით მოქმედებდა.
როგორც იცით, 11 ივლისს „მაუწყებელმა“ ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, რომელზეც შპს ევოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებულების, მათ შორის, ქალების მიერ ტანსაცმლის გამოცვლაა ასახული ისეთ ადგილას, სადაც ვიდეო მონიტორინგი მიმდინარეობს.
სალომე მანჯაფარაშვილის ინტერესებს ლაბორის იურისტი თამილა გაბაიძე იცავდა.